1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს”

“მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს”

“მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს”
0
0

დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია შეკითხვა – ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში? მაშინ, როდესაც ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაცია ერთადერთი პუნქტია, რომელიც არც უკრაინის და არც მოლდოვას მიმართ რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კიდევ ერთი, უფრო კონკრეტული შეკითხვა: ვინ აკეთებს რუსულ საქმეს ამ ქვეყანაში, ვინ უწყობს ხელს რუსულ პროვოკაციებს, ვის აძლევს ხელს არეულობა, ქაოსი და ევროპული ინტეგრაციის შეფერხება?“.

„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ელენე ხოშტარიას ოჯახის რუსული შემოსავლების შესახებ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, ქართველი ოლიგარქების დაფინანსებული ყველა ტელევიზია ცდილობს დამალოს და მიჩქმალოს ეს ამბავი. თუმცა ეს ჩვენ არ გვიკვირს, რადგან ისინი არათუ დღეების, არამედ წლების განმავლობაში მალავდნენ, მაგალითად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩანაწერს, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა და რომლითაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის კასეტური ბომბებით დაბომბვა დააბრალეს.

ერთი სიტყვით, ხალხი, რომელიც პროევროპელობას იჩემებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფლაგმანებად გვაჩვენებს თავს, საგულდაგულოდ მალავს რუსეთთან კავშირების თუ რუსული საქმის მამტკიცებელ სხვადასხვა ინფორმაციას, თუმცა აქტიურად იგონებს და ავრცელებს ასეთ ამბებს. საზოგადოებას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი შეკითხვაზე, რა მოცულობით და დანიშნულებით იღებდა ხოშტარიების ოჯახი მილიონობით რუსულ რუბლს მთელი ამ წლების განმავლობაში, მათ შორის 2008 წლის რუსული ოკუპაციისა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ.

როდესაც ადამიანი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი რუსული პრინციპულად მიუღებელია და ამავდროულად რუსულ ფულზე უარს არ ამბობს, ეს სულ მცირე ორმაგი სტანდარტისა და სიყალბის უტყუარი მტკიცებულებაა, თუმცა, ამის მიღმა, ეჭვი მძაფრდება, როდესაც ვიხსენებთ, რომ ელენე ხოშტარია იყო ყველა იმ პროვოკაციის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, რომლითაც გასულ წლებში რუსეთმა იხეირა. მაგალითებისთვის: ყველას გვახსოვს მისი ქმედებები ზუსტად სამი წლის წინ, 20 ივნისს, რამაც საბოლოოდ რუსეთს საქართველოსთან ფრენების ჩაკეტვისა და ქვეყანაზე მძიმე ეკონომიკური დარტყმის მიყენების შესაძლებლობა მისცა.

ყველას გვახსოვს ქმედებები 80 წელს გადაცილებული პოზნერის წინააღმდეგ, რამაც ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული რიტორიკის წისქვილზე დაასხა წყალი. ეჭვებს ამძაფრებს ელენე ხოშტარიას მამის წარსული, რაზეც ზვიად გამსახურდია აქტიურად საუბრობდა. ასევე ის ფაქტი, რომ თავად ხოშტარია მგიმოს კურსდამთავრებული და რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტია. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ხოშტარიას ქმედებები სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურა, თანაც, ამას აკეთებდა ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იყვნენ პრორუს ბიზნესმენ გულუას პრესსამსახურის წარმომადგენლები, თავის დროზე ჯორჯ ბუშის ქუჩის გახსნის პროტესტის ავტორები თუ რუსულ ინტერესებთან სხვა ფორმით დაკავშირებული პირები. როდესაც ამ ყველაფერს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან მიღებული, ჰონორარის რაოდენობისათვის შეუსაბამო, მილიონობით რუბლი ემატება, ლოგიკური ჯაჭვი საბოლოოდ იკვრება.

ამ ფონზე, მიგვაჩნია, რომ ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ. ალბათ გაღმა შედავების პრინციპით. ამით უნდა დაინტერესდეს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც აწუხებს რუსული რბილი ძალის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მედია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ელენე ხოშტარიას მოუწოდებენ, „გაასაჯაროოს სრული ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ და ძალიან კარგი იქნება, თუ აღნიშნულ თანხებს გადარიცხავს უკრაინის დახმარების ფონდში“.

„რუსეთიდან შემოსავალს საქართველოში მრავალი ადამიანი იღებს და სხვა პირის შემთხვევაში ამას ნამდვილად არ მოვითხოვდით, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც წლებია საზოგადოებას უმტკიცებს, რომ თითქოს მისთვის ყოველივე რუსული კატეგორიულად მიუღებელია, რომ ის არის პირველი ანტირუსი და ანტიოკუპანტი ამ ქვეყანაში, მას არა აქვს მორალური უფლება რუსული ფინანსები საკუთარი და თავისი ოჯახის კეთილდღეობას თუ პოლიტიკურ მიზნებს მოახმაროს. თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება, მაშინ, ბუნებრივია, გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვიან რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც, რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიოს რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

(0)